ვლადიმერ პუტინმა რუსეთში "ქართული დიასპორის" ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭოს შემადგენლობაში შეიყვანა.
შესაბამის ბრძანებაში ცვლილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი დღეს, 4 ოქტომბერს მოაწერა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS აქვეყნებს.
"საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს დავით ცეცხლაძე - საზოგადოებრივი ორგანიზაციის "რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის" პრეზიდენტი", - ნათქვამია ბრძანებაში.
რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ერთაშორისი ურთიერთობების საბჭო 2012 წელს შეიქმნა, მისი მიზანი - "რუსეთში ეთნიკური ურთიერთობების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესებაა".
რუსული მედიის თანახმად, აქამდე "ქართული დიასპორის" წარმომადგენელი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიოდა.
დავით ცეცხლაძე "რუსეთში ქართული ფედერალური ნაციონალ-კულტურული ავტონომიის" ხელმძღვანელის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.
ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან, ის ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში. ასევე, გასულ თვეებში ის აქებდა ქართული ოცნების პოლიტიკასაც.